„ევროჯასტისა“ და „ევროპოლის“ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ეხმაურება

განცხადებას ავრცელებენ ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით „ევროჯასტი“ და „ევროპოლი“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მათ მხარი დაუჭირეს კოორდინირებულ მოქმედებას ონლაინსაინვესტიციო პლატფორმების თაღლითობის საქმეზე, რომლითაც სულ მცირე, 33 000 ადამიანი დაზარალდა, ზარალის ოდენობამ კი ჯამში, დაახლოებით 89 მილიონ ევროს მიაღწია. განცხადების თანახმად, გერმანიის ხელისუფლების მოთხოვნით, მარტში ორი ოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც, ხუთი ეჭვმიტანილი დააკავეს. ბულგარეთში, რუმინეთსა და ისრაელში კი 15 ადგილზე ჩატარდა ჩხრეკა, მათ შორის ხუთ არაკანონიერ ქოლცენტრში. ეს ოპერაცია 2021 წლის თაღლითური სქემის გამოძიების გაგრძელებაა. განცხადების მიხედვით, სპეცოპერაციის მხარდასაჭერად, „ევროპოლმა“ შექმნა სპეციალური ოპერატიული სამუშაო ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც, ხელი შეუწყო ინფორმაციის გაცვლას და ანალიტიკურ მხარდაჭერას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თაღლითობის უკან არსებული ქსელი ინვესტორებს ვებსაიტებზე განთავსებული პროფესიონალური ბანერებითა და სოციალურ მედიაში გავრცელებული რეკლამების საშუალებით იზიდავდა. ამისთვის კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ქოლცენტრებს იყენებდნენ. თაღლითობის სქემა სავარაუდოდ 2019 – 2021 წლებში მოქმედებდა.

აღნიშნულს საქართველოს პროკურატურაც ეხმაურება. „საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად ჩატარდა რამდენიმე ქვეყანაში, არიან დაკავებულები. ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა მოქმედი ქოლცენტრის ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებული იქნა ასეულობით ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო დანაშაულში მონაწილე იურიდიული პირების მიმართ. საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ მადლობას უხდის „ევროჯასტს“ და გერმანიის საგამოძიებო სტრუქტურებს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.

BBC-ის გამოძიება –  თაღლითური სქემა კეზერაშვილის ორგანიზებით