დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა გაიმართა. მხარეებმა სასამართლოს შესავალი სიტყვით მიმართეს. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. პროკურორმა ყურადღება გაამახვილა 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარ მკვლელობაზე და თქვა, რომ გიორგი მენაბდემ ამ საქმეზე გასამართლებულ სხვა ორ პირთან ერთად, დავით სარალიძეს დანით ჭრილობები მიაყენა. ამას კატეგორიულად უარყოფს დაცვის მხარე. გიორგი მენაბდე ბრალს არ აღიარებს. 2017 წლიდან ის ამ საქმეში მოწმის სტატუსით იყო, მისი დაკავება ორი თვის წინ მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეში ახალი გარემოება, ასევე დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძის ჩვენება გახდა.
მოამბე