საქართველოდან ღვინის ექსპორტი ისევ რეკორდულ ნიშნულზეა. ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ქართული ღვინის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, წლის პირველ შვიდ თვეში 248 მილიონ დოლარზე მეტია. ოპტიმისტურია სამომავლო პროგნოზიც. წლის ბოლოს, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მთავრობა 400 მილიონი დოლარის შემოსავალს ელოდება. აქტიური მარკეტინგული კამპანიების მიუხედავად, ქართული ღვინო ყველაზე დიდი რაოდენით ექსპორტზე მაინც რუსეთში გავიდა. ახლა ღვინის ეროვნული სააგენტო, შესაბამის უწყებებთან ერთად, არაერთ აქტივობას გეგმავს, რათა ქართული ღვინო რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გაიყიდოს. პარალელურად, აქტიურ ფაზაშია რთველი 2023. სუბსიდირების პროგრამის ფონზე, რომელიც წელსაც ხორციელდება, მეღვინეები ექსპორტის მაჩვენებლების კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებენ.