„ღვინის დღეები საქართველოში“ - ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება
„ღვინის დღეების“ ფარგლებში, დღეს ღონისძიებები მარნეულის მუნიციპალიტეტშიც გაიმართა. სწორედ მარნეულია ის რაიონი, სადაც არქეოლოგიური კვლევების შედეგად, ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები აღმოაჩინეს. 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია დღეს მარნეულში გაცოცხლდა. ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს. ადგილზე გამოხადეს ჭაჭაც. საღამოს 20 საათზე კი, ღონისძიებას კონცერტი დაასრულებს.
ღვინის დასაგემოვნებლად სტუმრებისათვის საგანგებოდ მოაწყვეს სივრცე ბორჯომშიც. ღონისძიების მასპინძელი ბორჯომის ცენტრალური პარკია. ტერიტორიაზე სხვადასხვა გამოფენა იმართება, მათ შორის ინსტალაცია თემაზე „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია”. წარმოდგენილია ქართული საკვები პროდუქტები და სამახსოვრო სუვენირები. მასტერკლასების ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს აცნობენ ღვინის ისტორიას, ასწავლიან პურის ცხობას და ფელამუშის მომზადებას. ფესტივალის პატარა სტუმრებს კი ხელნაკეთი სამახსოვრო სუვენირების დამზადება და შემეცნებით თამაშში მონაწილეობა შეუძლიათ.
ფესტივალის დასასრულს, პარკში შეკრებილებისთვის კონცერტი გაიმართება.
სტუმრებს მასპინძლობენ გურიაში გამართულ ფესტივალზეც. როგორც სხვა რეგიონებში, გურიაშიც ადგილობრივი ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. უამინდობის მიუხედავად, დაიწურა ყურძენი, გამოაცხვეს პური და ამოავლეს ჩურჩხელებიც. გაიმართა თიხაზე ძერწვის მასტერკლასი და სხვა აქტივობები. ღონისძიებების დასასრულს კონცერტი გაიმართება. მაყურებლის წინაშე ანსამბლი „აფხაზეთი“ წარდგება.