სოროსის ფონდის ქართული წარმომადგენლობა საქართველოს პირველი არხის წინააღმდეგ. „ღია საზოგადოების ფონდი“ ტელევიზიას ცილისწამებაში ადანაშაულებს. ყველაფერი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნებული იმ კვლევით დაიწყო, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საზოგადოების განწყობებს ასახავდა. თუმცა საინტერესო ის არის, რომ ოფიციალურ პრესრელიზში არსად იყო მითითებული, რომ მედიის ნაწილში გამოკითხვა მთლიანად საქართველოს პირველ არხს ეხებოდა.
„ღია საზოგადოების ფონდი“ ჩვენი ჟურნალისტის მიერ კვლევის პრეზენტაციიდან პირდაპირი ჩართვის დროს გამოყენებულ სიტყვა – „დამალვას” ასაჩივრებს. ცალკე თემაა ის, რომ მითითებულ კვლევაში საქართველოს პირველი არხის საქმიანობას ის ადამიანები აფასებდნენ, რომლებიც ამავე გამოკითხვის მიხედვით არხის მაყურებლები არ არიან.
თავდაპირველად ორგანიზაციამ საჩივრით საქართველოს პირველი არხის თვითრეგულირების საბჭოს მიმართა, რომელმაც „მოამბე“ გაამართლა, თუმცა გადაწყვეტილება ახლა სამეურვეო საბჭოშია გასაჩივრებული.