გერმანიის შს ფედერალური მინისტრის ვიზიტი

საქართველოში გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი იმყოფება. ნენსი ფეზერმა მის ქართველ კოლეგასთან, ვახტანგ გომელაურთან ერთად ხელი მოაწერა მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას. დოკუმენტის თანახმად, მკაცრდება არალეგალური მიგრაციის კონტროლი, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ უკანონოდ მყოფ ქართველებს საქართველოში დაბრუნება მოუწევთ. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მათ, ვინც რეალური ჯანმრთელობის პრობლემების გამო იმყოფებიან, გერმანიიდან არავინ გამოაძევებს. ორივე მხარე თანხმდება, რომ მიგრაციის კონტროლი ევროინტეგრაციის თანმდევი პროცესია. მეორე მხრივ კი, შეთანხმება სამუშაო ვიზების გამარტივებას ითვალისწინებს. ასევე იზრდება ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის განათლებისა და სტაჟირების შესაძლებლობა. შეგახსენებთ, 15 დეკემბერს გერმანიის პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო აქტი, რომლითაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა.