ვახტანგ გომელაურის მოსმენა პარლამენტში

კიდევ ერთი ხმაურიანი სხდომა პარლამენტში.

დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა ვახტანგ გომელაურის მოსმენამ. შინაგან საქმეთა მინისტრი ქალებზე ძალადობის თემაზე იყო დაბარებული, თუმცა სამ დღიანმა საპროტესტო აქციებმა დღის წესრიგი შეცვალა. კითხვები ძირითადად ბოლო დღეებში რუსთაველის გამზირზე და მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებული მოვლენების გარშემო დაისვა. ოპოზიცია სამართალდამცავებს დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს. ოპონენტები რეაგირებას ითხოვენ ალეკო ელისაშვილის ცემაზეც. გამოსვლების დროს ახსენეს კონკრეტული სპეცრაზმელების გვარებიც. თუმცა, პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციებს მხარეები განსხვავებულად აღწერენ. შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაა, რომ აქციაზე მყოფი გარკვეული ჯგუფები ვითარების ხელოვნურად დაძაბვას ცდილობდნენ, რის გამოც სამართალდამცავებს მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს და პროვოკაციებით იწვევდნენ. პასუხებმა ოპოზიციონერი ლიდერების გაღიზიანება გამოიწვია. გომელაური მძიმე ბრალდებების სამიზნედ იქცა. ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დღეს პოლიციას მინისტრისადმი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.