შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში

ხმაური პარლამენტში.

ვახტანგ გომელაურის მოსმენა მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვითარება რომან გოცირიძის გამოსვლის შემდეგ დაიძაბა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის კონტექსტში მოიხსენია, რასაც დარბაზში ვნებათაღელვა და მძიმე რეაქციები მოჰყვა. კამათი გამოიწვია ოპოზიციის მხრიდან გაზრდილი მიგრაციის შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმაც. თავშესაფრის მოთხოვნის გაზრდილი მაჩვენებელი, შინაგან საქმეთა სამინისტროდან კადრების უცხოეთში გადინება, დანაშაულის მზარდი სტატისტიკა ოპოზიციის მთავარი ბრალდებები იყო, რასაც შინაგან საქმეთა მინისტრმა და მმართველმა გუნდმა ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები დაუპირისპირა. პოლიტიკურ დებატებს წინ ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია უძღოდა. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, პოლიციელების სოციალური პაკეტის გაფართოება, ხელფასების და კომპენსაციების ზრდა, ახალი ტექნიკა, რეფორმები საგამოძიებო სტრუქტურებში – ასეთი იყო ანგარიშის ძირითადი მიმართულებები.