გარევაჭრობის აკრძალვის მიუხედავად, გორში, გურამიშვილის ქუჩაზე რამდენიმე დახლი მოვაჭრეებმა ისევ გაშალეს. მათ მხარდაჭერას უცხადებენ „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლები, რომლებიც გარემოვაჭრეებთან მივიდნენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ისინი აკრძალვას არ დაემორჩილებიან.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი წმინდაწყლის ტერიტორიაზე, ახალ ბაზარში შესთავაზა, სადაც ისინი ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიმბოლურ ფასად შეძლებენ. თუმცა, მერიის შეთავაზებას გარემოვაჭრეები არ თანხმდებიან. „გირჩის“ წარმომადგენლები მოვაჭრეების უფლებების დაცვას სასამართლოში შეეცდებიან.