ანაკლიის პორტის პროექტისა და შემოდგომაზე დაანოსნებული პოლიტიკური მოძრაობის დაარსების შეჩერების მცდელობად აფასებენ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოქმედებას. უწყებამ, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღების მოთხოვნით, დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურებს მიმართა. ხაზარაძისა და ჯაფარიძის განცხადებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური არგუმენტად მათ წინააღდეგ პროკურატურაში ფულის გათეთრების ბრალდებით დაწყებულ გამოძიებას ასახელებს.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მათ წინააღდეგ მიმდინარე პოლიტიკურ დევნაზე ინფორმაციის მიწოდებას გეგმავენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლების უკანონო მოქმედების მიუხედავად, აშენდება როგორც ანაკლიის პორტი, ასევე შეიქმნება ახალი ძლიერი პოლიტიკური მოძრაობა. მიმდინარე პროცესის გამჭვირვალობისთვის, მამუკა ხაზარაძემ დღეს ბიძინა ივანიშვილი ღია ტელე ეთერში სასაუბროდ გამოიწვია.