გამოძიება „სუ-25-ის“ ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის მიზეზებს ადგენს
ბოლნისის რაიონში „სუ-25“-ის ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა. ტერიტორია დატოვეს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა. მომხდარის მიზეზების დასადგენად და მტკიცებულებების შესაგროვებლად შესაბამისი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში, რამდენიმე ჰექტრის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, შემთხვევის ადგილი დეტალურად დაათვალიერეს, ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, გამოიკითხნენ მოწმეები. დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. დაგეგმილია ქიმიური, ბალისტიკური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზა. თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა მწუხარებას თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მფრინავის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის დაღუპვის გამო და მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.