1-ლი ივლისიდან აფლა-ტოქსინით დაბინძურებული ცხოველის საკვების გამოყენება იკრძალება. საქართველოს მთავრობის №59 დადგენილება – „ტექნიკური რეგლამენტი – ცხოველთა საკვებში არასასურველი ნივთიერებების შემცველობის დამტკიცების შესახებ“ ავალდებულებს ყველა ფერმერს, დაიცვას ცხოველის საკვების შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები, რათა არ მოხდეს საკვების აფლა-ტოქსინით დაბინძურება. აფლა-ტოქსინი ობის სოკოებისაგან წარმოიქმნება. დაბინძურებული საკვების მიღებით, აფლა-ტოქსინი ხვდება ცხოველის ორგანიზმში და გადადის რძეში, გარდაიქმნება ტოქსინად და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ახალი რეგულაციის შესახებ ფერმერთა ინფორმირების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა შეხვედრები უკვე გამართეს საქართველოს რამდენიმე რეგიონში დარგობრივ ასოციაციებთან, რომლებიც ათასობით ფერმერს აერთიანებს. საინფორმაციო შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.