„ფრონტერას“ გარშემო დავას ეკონომიკის სამინისტროს გუშინდელმა გადაწყვეტილებამაც ვერ დაუსვა წერტილი.
ბიზნესის შევიწროების ბრალდების შემდეგ ამერიკული კომპანია ამჯერად მთავრობას დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს. ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია ცილისწამებად აცხადებს მთავრობის იმ ნაბიჯს, რომლის მიხედვით, საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის მოგების მიუხედავად, ხელისუფლება კომპანიასთან კონტრაქტს მაინც არ გაწყვეტს და დედოფლისწყაროში გამოყოფილი ტერიტორიის 1%-ზე ნავთობის საძიებო-მოპოვებითი სამუშაოების გაგრძელების საშუალებას მისცემს. საქართველოში ნავთობის მოსაპოვებლად 23 წლის წინ შემოსულ ამერიკულ კომპანიასთან ხელისუფლებას ურთიერთობა ორი წლის წინ დაეძაბა. მთავრობა „ფრონტერას“ კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობასა და დასაქმებულთა მიმართ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში სდებს ბრალს.