ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ „ამნისტიის პროექტი“ დააინიცირა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პროექტი ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება. რატი იონათამიშვილის განმარტებით, ამნისტია შეეხება 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, ამასთანავე, 1/6-ით შემცირება დამატებით შეეხება დაახლოებით 225 მუხლს. იონათამიშვილის თქმით, ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით 7 000 პირს, რაც წარმოადგენს სიახლეს ამნისტიის წინა პროექტებთან შედარებით. რაც შეეხება კანონის მიღების ვადებს, მისი პირველი მოსმენით მიღება რიგგარეშე სესიაზე იგეგმება.