პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების მოსმენა

პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს და მის სამთავრობო გუნდს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა ჯგუფმა დახურულ ფორმატში მოუსმინა. მთავრობის ახალ შემადგენლობასთან შეხვედრის დახურვა საპარლამენტო უმრავლესობას სხდომის დასაწყისში ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ შესთავაზა. რის შემდეგაც, კენჭისყრის შედეგად, უმრავლესობის წევრებმა სხდომის დახურვის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. ფრაქცია „ქართულ ოცნებასთან“ და „ხალხის ძალასთან“ შეხვედრით, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში დასრულდა. მამუკა მდინარაძემ შეხვედრა სამძიმრით დაიწყო. მან ზემო აჭარასა და ბაღდათში მეწყრის შედეგად, ასევე სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.