ევროპარლამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია, დღესაც პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ოპოზიციის ნაწილი რეზოლუციას დადებითად აფასებს და კმაყოფილია, ნაწილს კი რიტორიკა არ მოსწონს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ რეზოლუცია სიმართლეს არ ეფუძნება და ეს არის პოლიტიკური შანტაჟის მცდელობა. ევროპარლამენტმა 9-პუნქტიანი რეზოლუცია გუშინ მიიღო. დოკუმენტში გამოხატულია შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ექსპრეზიდენტი და მისცეს მას საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება. რეზოლუცია მოიცავს მოწოდებას საქართველოს პრეზიდენტისადმი, გამოიყენოს შეწყალების უფლება. დოკუმენტში „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესაძლო შეზღუდვაზეც აფრთხილებენ. გუშინდელ კეჭსიყრაზევე, დოკუმენტის ტექსტს დაემატა „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ ინიცირებული შესწორებაც, რომელიც გასცემს რეკომენდაციას ბიძინა ივანიშვილის სანქცირების თაობაზე.
რეზოლუციასთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ბრიფინგი გამართა გიორგი ჩალაძემ. მისი განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი მნიშვნელოვანია ყველასთვის და უნდა გადაიდგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, რათა საქართველო დაბრუნდეს ევროპულ გზაზე. გიორგი ჩალაძესთან ერთად, ბრიფინგზე იმყოფებოდა ექიმი ლევან მეტრეველი, რომლის თქმითაც, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვები აღარ უნდა არსებობდეს.