რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე

მღელვარება გამოიწვია ევროპარლამენტის რეზოლუციის კიდევ ერთმა პუნქტმა.

საუბარია უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ ჩანაწერზე, რომელიც დოკუმენტში კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე შესწორების სახით შევიდა. ამ პუნქტში წერია, რომ უნდა შემოწმდეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გავლენა საქართველოსთვის 2017 წელს მინიჭებული ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე. მსგავსმა ფორმულირებამ ოპოზიციის დღის წესრიგში რეზონანსული კანონპროექტის უკან გაწვევის მოთხოვნა კიდევ უფრო გაააქტიურა. ხელისუფლება მითითებულ პუნქტს შანტაჟად და ხალხის დაშინების მცდელობად მიიჩნევს. მმართველი გუნდი შვიდი წლის წინ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების გადახედვას გამორიცხავს და ოპონენტებს მიუთითებს, რომ რეზოლუციას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. ევროკავშირის მიერ მკაცრად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომლებიც უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნის მიმართ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების მიზეზი შეიძლება გახდეს. გადაწყვეტილებას წევრი ქვეყნების უმრავლესობის მიმართვა სჭირდება.

მანანა დევაძე არკვევდა, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციის შემდეგ ემუქრება თუ არა საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლას საფრთხე.