ბრიუსელში „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე ჩავარდნილი საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის ინიციატივა კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული რეზოლუცია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და რუსული აგრესიის დაგმობას ეხებოდა. პროექტის ინიცირებისთვის ათი თანასპონსორის მხარდაჭერა იყო საჭირო, თუმცა დოკუმენტს ქართულ დელეგაციაში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატებისა და უკრაინელი დეპუტატების ხელმოწერა არ ჰქონდა, რის გამოც ჩავარდა. მმართველი გუნდის განცხადებით, არაერთი შეთავაზების მიუხედავად, ოპოზიციამ რეზოლუციის პროექტს ხელი არ მოაწერა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით კი, საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულები არ იყვნენ.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული მომავლის დაზიანების მცდელობად და სამშობლოს მტრობად შეაფასა.