ოპოზიცია საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის წინააღმდეგ

მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ჩავარდნილი საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის ინიციატივა. რეზოლუცია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და რუსული აგრესიის დაგმობას ეხებოდა. „ქართული ოცნების“ პროექტის ინიციირებისთვის ათი თანასპონსორის მხარდაჭერა იყო საჭირო, „ქართულ ოცნებას“ დელეგაციაში კი მხოლოდ ოთხი წევრი ჰყავს და მხოლოდ ქართველი და მოლდოველი კანონმდებლების მხარდაჭერა რეზოლუციის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა. მმართველი გუნდის განცხადებით, არაერთი შეთავაზების მიუხედავად, ოპოზიციამ რეზოლუციის პროექტს ხელი არ მოაწერა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით კი, საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულები არ იყვნენ. ხელმოწერაზე უარი თქვა უკრაინულმა მხარემაც. ოპოზიციონერი დეპუტატების ქმედებას ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანების მცდელობა უწოდეს მმართველ გუნდში.