მედიაცია დაიწყო – ბრიუსელიდან მნიშვნელოვანი მისიით ჩამოსული კრისტიან დანიელსონი დილიდან თბილისში შეხვედრებს მართავს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ჯერ მხარეების პოზიციებს ისმენს. ჩიხიდან გამოსავლის მოძებნა კომპრომისის სახით, – ასეთია დანიელსონის გზავნილი ხელისუფლების და ოპოზიციის მისამართით. შვედი დიპლომატი საქართველოში სამი დღე დარჩება. შესაბამისად, შეთანხმების გარკვეული ნიშნები სწორედ ამ დროში უნდა გამოიკვეთოს. დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები წინაპირობებსა და წითელ ხაზებზე საუბრისგან თავს იკავებენ, თუმცა შეთანხმების მიღწევაში და პარლამენტში ოპონენტი პარტიების შესვლაში დარწმუნებულები არიან. კონკრეტული დათქმებით ოპტიმისტურია ოპოზიციური სპექტრის მოლოდინიც. ირაკლი ღარიბაშვილი დიალოგში ჩართული აღარ იქნება. ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, კახა კუჭავა – ამჯერად ამ შემადგენლობით მივა ხელისუფლება მოლაპარაკებაზე, რომელიც პირველ მარტს პრეზიდენტის რეზიდენციაში სწორედ პრემიერის მონაწილეობით დაიწყო.