ეუთო-ს მინისტერიალი

 ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადეს. მიღებულია ე. წ. ხუთეულის განცხადება, რომელიც ყოფილ, მოქმედ და მომდევნო სამი წლის თავმჯდომარე ქვეყნებს აერთიანებს.

მინისტერიალის ერთგვარ დასკვნით დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია საქართველოში არსებულ კონფლიქტზე, გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზგასმულია საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების სფეროში გაუარესებული მდგომარეობა და გამოხატულია მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ. ორგანიზაციის მოქმედი, ყოფილი და მომავალი თავმჯდომარეები მზადყოფნას გამოთქვამენ, განაგრძონ ამ ფორმატში ეუთო-ს წამყვანი როლის შესრულება.

საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო ასევე მინისტერიალის ფარგლებში ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა. განცხადებაში დაგმობილია რუსეთის ფედერაციის ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ხაზგასმულია მოსკოვის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობა. მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. მეგობართა ჯგუფი გმობს რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის“ დამტკიცებას და მას აფასებს, როგორც საქართველოს რეგიონების დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს.

ონლაინფორმატის შეხვედრას ორგანიზაციის 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ელჩები და ეუთო-ს ლიდერები დაესწრნენ. მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა. მიღებულ გადაწყვეტილებებს მმართველი პარტია, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.