ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის საავტორო პროექტი საქართველოს პირველ არხზე 19 ოქტომბრიდან დაიწყება.
„ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია“ ყოველ შაბათ-კვირას 18 საათზე და 55 წუთზე გავა ეთერში. პროექტის ფარგლებში მაყურებელს საშუალება მიეცემა უძველესი ეპოქებიდან დაწყებული თანამედროვეობამდე, უნიკალური ექსპონატების ისტორიებს გაეცნოს და გაიგოს ისეთი ფაქტები, რომლებსაც ვერც საგამოფენო ეტიკეტზე ამოიკითხავს და ვერც საინფორმაციო დაფაზე. პროექტს 2016 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც დავით ლორთქიფანიძემ საავტორო რუბრიკის გაძღოლა დაიწყო ჟურნალში „ნეშენალ ჯეოგრაფიკი საქართველო“. იგი თითოეულ ნომერში მკითხველს ჩვენი ქვეყნის ისტორიას ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული ექსპონატების საშუალებით მოუთხრობდა. ისტორიები შემდეგ წიგნად „33 ობიექტით მოყოლილი საქართველოს ისტორია“ გამოიცა. წიგნის პრეზენტაცია დღეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გაიმართა. აუდიტორიას წიგნი ავტორმა თავად წარუდგინა. წიგნის ინსპირაცია ბრიტანეთის მუზეუმის დირექტორის, ნილ მაკგრეგორის პროექტი გახდა, რომელიც მან რადიო „ბიბისისთან“ თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო და საბოლოოდ წიგნით, „100 ნივთით მოთხრობილი მსოფლიო ისტორია“ დაასრულა.