ექსპერტების განცხადება პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის ფაქტზე
საკანონმდებლო ორგანოში გუშინ მომხდარ ფაქტს ექსპერტები აფასებენ. სურსათის უვნებლობის საკითხში ექსპერტის, გიორგი ჩიკვაიძის განცხადებით, ხსნარი, რომელიც გუშინ პარლამენტში გამოიყენეს, აკრძალულია და ფაქტი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რადგან „ეი-სი-დი ფრაქცია 2“ არის გაურკვეველი წარმოშობის, მასტიმულირებელი ვეტერინარული პრეპარატი, რომელიც მაღალი ჰიპერ-ალერგიულობით გამოირჩევა და მისი გამოყენების შედეგად, შესაძლოა, ფატალური შედეგი დადგეს.
ექსპერტის განმარტებით, ეს პრეპარატი საქართველოში რეგისტრირებული არ არის და თუ მისი შეძენა შესაძლებელია, გამოდის, რომ არალეგალურად იყიდება. ექსპერტების განცხადებით, ნივთიერება რუსეთში 40-იან წლებში შექმნეს და მას სამხედრო ლაბორატორიაში იყენებდნენ.