13 752 ლაბორატორიული კვლევა და 988 ახალი შემთხვევა – კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,18 %-ია. ბოლო 14 დღის განმავლობაში ეს სტატისტიკა 5 პროცენტს მიუახლოვდა. მკვეთრად გაზრდილია ლეტალობის რიცხვიც, 24 საათში „კოვიდ-19“-ის გართულებებით 21 პაციენტია დაღუპული. ვირუსის გავრცელების ძირითადი კერა დედაქალაქია. მობილობის შემცირების მიზნით, სადღესასწაულო დღეებში ძალაში რჩება სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები. დღეიდან 4 მაისის ჩათვლით, მოქალაქეებს სასაფლაოებზე გასვლა ეკრძალებათ, ხვალიდან 12 მაისის ჩათვლით კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს. სააღდგომო დღეებში ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს რეკომენდაციების განსაკუთრებით მკაცრად დაცვისკენ და ხალხმრავალ შეკრებებზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ.