ქვეყნის უმსხვილეს ელექტროსადგურში წყლის მარაგი იწურება.
წყლის დონე ყოველდღიურად მცირდება „ენგურჰესში,“ რომელიც ზამთარში დენით მთლიანად აფხაზეთს ამარაგებს. შარშანდელის მსგავსად, ოკუპირებულ რეგიონში წლევანდელ ზამთრის სეზონზეც ელექტროენერგიის მოხმარების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობისთვის დენის გრაფიკით მიწოდება გადაწყდა. გეგმა ხვალიდან უნდა ამოქმედდეს. ამ გზით არაღიარებული რეჟიმი ელექტროენერგიის დაზოგვას შეეცდება. თუმცა ამ ნაბიჯს არასაკმარისად მიიჩნევენ ენერგეტიკოსები, რომლებიც შექმნილ ვითარებაში გამოსავალს აბონენტების გამრიცხველიანებასა და ქსელის მოწესრიგებაში ხედავენ.