მოვითხოვთ, დროულად დადგინდეს, რა მავნე ნივთიერებით გარდაიცვალნენ ახალგაზრდები, – ამის შესახებ ნათქვამია ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიის განცხადებაში, რომელიც დღეს კლუბ „ბასიანთან“ მედიას გააცნეს.
საქართველოს ელექტრონული მუსიკის ინდუსტრია აერთიანებს კლუბებს, ფესტივალებს, მუსიკალურ ლეიბლებს, კაფე-ბარებს, ივენთ კომპანიებს, არტისტებსა და პროდიუსერებს. მათი თქმით, სამწუხაროა, რომ ელექტრონული მუსიკისა ინდუსტრიის მიმართ დაუსრულებელი ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, ვრცელდება უამრავი ბინძური ჭორი და ბრალდება.„პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები კლუბების დახურვას ითხოვენ. მათი მოქმედების მეთოდები იმდენად გასცდა ყოველგვარ ზღვარს, რომ მზად არიან ცილი დასწამონ კლუბებს ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში.შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში უცნობ მომწამვლელ სუბსტანციას 5 ახალგაზრდა ადამიანი ემსხვერპლა, რომლის შემცველობა ჯერ კიდევ დაუდგენელია, მისი მომწოდებელი კი დაუსჯელი. პირველ რიგში, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ამ ტრაგედიის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს. ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული გამოძების შედეგებით, იმისთვის, რომ დადგეს ობიექტური ჭეშმარიტება და ნათელი მოეფინოს სიმართლეს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველაფერი მალე დასრულდება“, – აღნიშნულია ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიის განცხადებაში.
ინდუსტრიის წარმომადგენლები, ითხოვენ, შეწყდეს საკლუბო სცენის დემონიზება და დისკრედიტაცია და მედიამ შეწყვიტოს საკლუბო სცენის სტიგმატიზება.„მოვითხოვთ, დროულად იქნას დადგენილი თუ რა მავნე ნივთიერების შედეგად გარდაიცვალნენ ახალგაზრდა ადამიანები და სასწრაფოდ მივიღოთ პრევენციული ზომები, ექსპერტიზის პასუხები გახდეს საჯარო. შესაბამისმა უწყებებმა მიიღონ ყველა ზომა, რომ ვებგვერდების საშუალებით მომწამლავი ნივთიერებები ხელმისაწვდომი არ იყოს. ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყოს პრევენციული შინაარსის მქონე საინფორმაციო კამპანია, რომელიც დაფუძნებული იქნება არა სტერეოტიპულ მიდგომებზე, არამედ ადამიანებზე ზრუნვის პრაქტიკებზე. გადამზადდეს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, რათა ამა თუ იმ სუბსტანციით ზედოზირების შემთხვევაში, შეძლონ ადამიანების დროული და ეფექტური დაეხმარება.გადაიდგას ნაბიჯები ლიბერალური ნარკოპოლიტიკისკენ, რომელიც ზრუნვასა და პრევენციულ მიდგომებზე იქნება დაფუძნებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.ამასთან, ამავე განცხადებაში ნარკომომხმარებლებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისგან.