ნათია მეზვრიშვილი - შსს-ს პოზიციაა, რომ მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს დეკრიმინალიზაცია არ უნდა შეეხოს
ნათია მეზვრიშვილი - შსს-ს პოზიციაა, რომ მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს დეკრიმინალიზაცია არ უნდა შეეხოს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ მძიმე ნარკოტიკებს დეკრიმინალიზაცია არ უნდა შეეხოს. ჟურნალისტებთან საუბარში მეზვრიშვილმა არ დააკონკრეტა, ბოლო დღეების განმავლობაში გარდაცვლილი პირები რა ნივთიერების მიღების შედეგად დაიღუპნენ.

„გარდაცვლილები რითი არიან, ამას ექსპერტიზა დაადგენს. თითოელ ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების ინტოქსიკაციის ვერსიაზეც მუშაობს. წინასწარ ვერ გეტყვით, რა ნივთიერებაა. როგორც კი ექსპერტიზის დასკვნა იქნება, დაუყონებლივ გაცნობებთ”, – ამბობს მეზვრიშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე საუბარი ნარკოდანაშაულს მხოლოდ ახალისებს, ნარკოტიკების პროპაგანდას ახდენს და დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას ხელს უშლის.

„არ ვთვლი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით ეფექტური არ არის. თუ ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებულ ოპერაციებს გავითვალისწინებთ, ნახავთ, რომ ნარკოტიკული საშუალებების არა მხოლოდ შემძენების, შემნახველების მფლობელების დაკავება მოხდა, არამედ გამსაღებლების. ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული ჯგუფები იმაზე საუბრობენ, რომ თითქოს, შედარებით მავნე, ნაკლებად მავნე ან საერთოდ არამავნე ნარკოტიკული საშუალებები არსებობს. ეს ადამიანები ამბობენ, რომ „მეფედრონი“ კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკი – არა. ასეთ მსჯელობებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკა შსს-თვის მიუღებელია, რადგან მიგვაჩნია, რომ ასეთი მსჯელობები ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბარი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მხოლოდ ახალისებს ნარკოდანააულს, ახდენს ნარკოტიკების პროპაგანდას და ხელს უშლის ამ დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას. ჩვენი ერთ-ერთი პრიოტიტეტი ნარკოდანაშალის წიმააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლაა. ამისი ნათელი მაგალითი დღევანდელი დღე იყო და დროთა განმავლობაში ამ ბრძოლას კიდევ უფრო გავამკაცრებთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაა, რომ მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს დეკრიმინალიზაცია არ უნდა შეეხოს”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.