დავით სუბელიანი - სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ნივთიერებების მუდმივი მონიტორინგის წარმოება და ნარკოტიკების მოწოდების შემცირებაა
დავით სუბელიანი - სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ნივთიერებების მუდმივი მონიტორინგის წარმოება და ნარკოტიკების მოწოდების შემცირებაა

ნარკოტიკების მოწოდების შემცირებასთან დაკავშირებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ანეკდოტური სურათი ვნახეთ, როცა შსს-მ თქვა, რომ ერთ-ერთი საიტი დაბლოკა. ეს მტკნარი პიარი იყო, რომელიც არაფერს მოიტანს, – განაცხადა „მოძრაობა თეთრი ხმაურის“ წევრმა, დავით სუბელიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„სინამდვილეში, ამ საიტების უკან ასობით ადამიანი დგას, რომლებიც ამ ნივთიერებებს სადარბაზოებში ალაგებენ, სადაც მათ მომხმარებლები იღებენ. ეს რომ პოლიციისთვის შეუმჩნეველი ხდება, ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, მართლა დაინტერესებულია თუ არა შსს მოწოდების შემცირებით“, – განაცხადა სუბელიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სად იკვეთება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იმ მოცემულობაში, როცა ერთი მხრივ ვამბობთ, რომ ნარკოტიკის მოხმარება მომხმარებლის ნებაა, მეორე მხრივ კი, ყოველდღიურად ტრაგიკულ ამბებს ვიგებთ, დავით სუბელიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ნივთიერებების მუდმივი მონიტორინგის წარმოება და მოწოდების შემცირებაა.

მისი თქმით, შსს დეკლარირებულად აცხადებს, რომ მოწოდების შემცირებას აპირებს, მაგრამ მოწოდების შესამცირებლად ეფექტური ნაბიჯები მათგან არ ჩანს და ძირითადად, რასაც ისინი აკეთებენ, მომხმარებლების დევნაა.

„3000 მომხმარებლის საპირისპიროდ, დღეს ციხეში მხოლოდ 10, თუ 20 რეალიზატორი ზის. გასულ წელს 36 რეალიზატორი დააკავეს, იმის წინა წელს კი მხოლოდ 10, მაშინ, როცა მოხმარებისთვის ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ისჯება“, – განაცხადა სუბელიანმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ ფიქრობს „მოძრაობა თეთრი ხმაურის“ წევრი, რომ გამოსავალი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაშია მაშინ, როცა შექმნილი ვითარების გამო, საზოგადოების ნაწილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე საუბრობს, რომ რეალიზატორებთან ერთად, მიდგომა მომხმარებლებთან მიმართებაშიც გამკაცრდეს, დავით სუბელიანმა განაცხადა, რომ თუ შავი ბაზრის ამ ცუდ გამოვლინებას შსს და მთლიანად სახელმწიფო დუმილით შეხვდება, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი აზრი იქეთკენ იქნება მიმართული, რომ უფრო მეტი კონტროლი განხორციელდეს.

„ეს პოპულარული, მარტივი მოსაზრებაა, მაგრამ ამას არსად უმუშავია. ნარკოპოლიტიკა ბოლო ათი წლის განმავლობაში მუდმივად მკაცრდებოდა, მაგრამ ადამიანებს სარისკო ქცევები არ შეუცვლიათ და მძიმე მოხმარებაში პირიქით, მეტი და მეტი ადამიანი ერთვება. მომხმარებელი შიშისგან უნდა გათავისუფლდეს, რომ სახელმწიფო მას დასჯის და მის სტიგმატიზაციას მოახდენს. ამის ნაცვლად, მცდელობები მათი მკურნალობისკენ, პრევენციისკენ და ზიანის შემცირებისკენ უნდა მიიმართოს. ამან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში წარმატებით იმუშავა, გამკაცრებულ რეჟიმებს კი, შედეგი არსად არ მოუტანია“, – განაცხადა დავით სუბელიანმა.

 

დატოვე კომენტარი