დიმიტრი ცქიტიშვილი - ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს
დიმიტრი ცქიტიშვილი - ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს

თანამედროვე ტექნოლოგიები მათ შორის, ნარკორეალიზატორებს გასაღების ფართო შესაძლებლობებს უქმნის და ნარკოტიკი ნებისმიერ ქვეყანაში ხელმისაწვდომი ხდება, მაგრამ მთავარია, სახელმწიფო ინტენსიურად ებრძოდეს მოწოდებას, რათა ის მაქსიმალურად შემცირდეს და მუდმივად იბრძოდეს იმისთვის, რომ მოხმარება შესუსტდეს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს.

„ერთი მხრივ, ნარკორეალიზატორების მიმართ ზომები ძალიან უნდა გავამკაცროთ და მეორე მხრივ, სახელმწიფოს პოლიტიკა მომხმარებლებზე ზრუნვისკენ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ უნდა იყოს მიმართული“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის შეცვლა მხოლოდ ნარკორეალიზატორებთან ბრძოლას არ გულისხმობს და ეს კომპლექსურ ღონისძიებათა გეგმაა, როდესაც ყველა სტრუქტურის მუშაობა სინქრონული იქნება.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ბოლო დროს მომხდარი შემთხვევების ფონზე, უნდა ველოდოთ თუ არა ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვის შეჩერებას, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ნარკოპოლიტიკის გამკაცრება არანაირ შედეგს არ იძლევა.

„სახელმწიფოს მიმართ ბრალდება ისმის, რომ ის ჩქარა ვერ მოქმედებს, მაგრამ შესაძლოა, ძალიან ჩქარა მოქმედებამ უკუშედეგები მოგვცეს, რისი უფლებაც არ გვაქვს. მესმის ჩვენი ოპონენტებისაც, რომლებიც გვეუბნებიან, რომ უფრო აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმ პოლიტიკას, რომელიც ყველა მიმართულებით ცალსახა გამკაცრებას გულისხმობს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.