წლის ბოლოს კიდევ ერთხელ აქტიურდება ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის თემა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში უკვე სწავლობენ ენერგოკომპანიების სატარიფო განაცხადებს. ლარის კურსი, გაზრდილი იმპორტი და თბო-ელექტრო-სადგურების წილის მატება მოხმარებაში – ის მთავარი ფაქტორებია, რომლებმაც შესაძლოა ტარიფზე გავლენა მოახდინოს. ძვირი ენერგიის მოცულობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 7 %-ით გაიზარდა. თელასისგან განსხვავებით, მომხმარებლებისთვის მტკივნეულ თემაზე უკვე ღიად საუბრობს რეგიონების სადისტრიბუციო კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“, რომელიც დენის გადასახადის გაზრდას არ გამორიცხავს.