ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მეხუთე დღეს ერთადერთი ქართველი ასპარეზობდა.
81 კილოგრამი წონითი კატეგორიის „ც“ ჯგუფში 17 წლის ლომია თებიძემ ხუთი ცდა გამოიყენა და ორჭიდის ჯამში ჯგუფი 307 კილოგრამით მეორე ადგილზე დაასრულა.
პირველი დისციპლინა თებიძემ 130 კილოგრამით დაიწყო, შემდეგ კი ასევე წარმატებით 134 და 137 კგ დასძლია და „ც“ ჯგუფის შვიდ მონაწილეს შორის ატაცი მესამე ადგილზე დაასრულა.
აკვრაში ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა პირველ ცდაზე 163 კილოგრამიანი სიმძიმე დაიმორჩილა. მეორე მისვლაზე შტანგა შვიდი კილოგრამით დამძიმდა და თებიძემ დავალება ამჯერადაც იდეალურად შეასრულა. ბოლო ცდაზე კი აქცენტი ჯგუფის მოგებაზე გამახვილდა.
აკვრაში საუკეთესო შედეგის დასაფიქსირებლად, ლომიას 172 კილოგრამი ჰყოფნიდა, თუმცა ძელის წონამ 179 შეადგინა, რაც ორჭიდის მოსაგებად იყო საჭირო.
სამწუხაროდ, თებიძის ბოლო მცდელობა წარუმატებელი გამოდგა და ქართველმა სპორტსმენმა ორჭიდში, მეორე აკვრაში მესამე ადგილი დაიკავა.
ჯგუფში ორივე დისციპლინა და შესაბამისად ორჭიდი ირლანდიელმა შონ ბრაუნმა მოიგო.