პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერი აცხადებს, რომ ნაცემია პარტიის ბოლნისისა და დმანისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნამიკ ბაირამოვი. მამუკა ტუსკაძის განცხადებით, კონფლიქტი ავარიის ადგილზე ფოტოების გადაღებით დაიწყო და ბაირამოვმა თავდამსხმელებში კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერები ამოიცნო. ტუსკაძე ფიქრობს, რომ ბაირამოვს რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ტელეეთერში ოქრიაშვილისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების გამო, შურისძიების მიზნით გაუსწორდნენ. თავად კახა ოქრიაშვილი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ბაირამოვი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ არის ნაცემი. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ბაირამოვს საერთოდ არ იცნობენ.