ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო დუბაის აეროპორტის მუშაობა მესამე დღეა შეფერხებულია. ადმინისტრაციის ცნობით, აეროპორტმა დაიწყო რეისების ნაწილის მიღება, თუმცა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციონირება დიდწილად შეჩერებულია. ოთხშაბათს გაუქმდა 300-მდე რეისი, ასობით კი გადაიდო. აეროპორტში უამრავი მგზავრი ამ დრომდე ელოდება გამგზავრებას. აეროპორტის ხელმძღვანელობის განცხადებით, პერსონალს სურსათის მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, რადგან აეროპორტამდე მიმავალი გზები წყალდიდობის გამო ბლოკირებულია. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბოლო 75 წლის განმავლობაში რეკორდულად ძლიერი წვიმაა. ქვეყანაში სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაიტბორა გზები და საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორია. წყალდიდობამ პრობლემები შექმნა მეზობელ ქვეყნებშიც. წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ომანში 20 ადამიანი ემსხვერპლა.