საბერძნეთში წყალდიდობის მსხვერპლი გაიზარდა

საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. სამაშველო-სამძებრო ოპერაცია დაზარალებულ რეგიონებში გრძელდება. როგორც ბერძნული მედია წერს, ამინდის პირობები გაუმჯობესდა და მაშველებს მუშაობის საშუალება ეძლევათ. ისინი დატბორილ სოფლებში ჩარჩენილ მოქალაქეებსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებენ. მაშველებსა და მოხალისეებს დატბორილ რაიონებში მყოფი მოქალაქეებისთვის წყალი, მედიკამენტები და პროდუქტები ნავებით ჩააქვთ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვერტმფრენების დახმარებით სტიქიის ზონიდან 149 ადამიანი გამოიყვანეს. ისინი სახლების სახურავებზე იმყოფებოდნენ და ვერტმფრენებს ელოდებოდნენ. მედიის ცნობით, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში წყალდიდობას კიდევ ელოდებიან. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებსა და მთავრობის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა.