საუდის არაბეთის ხელისუფლების კრიტიკით ცნობილი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმის გარშემო მორიგი სკანდალი აგორდა.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, საუდის არაბეთის ოპერატიული თანამშრომლები, რომლებიც ხაშოგის მკვლელობაში მონაწილეობდნენ, აშშ-ში გადაამზადეს. გამოცემის ცნობით, მათი ტრენინგი შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იყო ავტორიზებული. სკანდალურ სტატიასთან დაკავშირებით ვაშინგტონში ამტკიცებენ, რომ მომზადების კურსი, რომელიც საუდის არაბეთის მოქალაქეებმა გაიარეს, ბოლო 40 წლის განმავლობაში დამკვიდრებულ სტანდარტულ პრაქტიკას წარმოადგენს.
ჯამალ ხაშოგი 2018 წელს თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. თებერვალში ამერიკის სადაზვერვო სააგენტოს მიერ მომზადებულ ანგარიშში დადასტურებულია, რომ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთის პრინცის მონაწილეობით დაიგეგმა.