უშედეგოდ დასრულდა რიგით 43-ე შეხვედრა ჟენევაში. დისკუსიის მონაწილეები ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.
ზეპირი განცხადების შემუშავებას უკვე მეექვსე წელია მონაწილეები უშედეგოდ ცდილობენ. საქართველო კონფლიქტის მხარედ მხოლოდ რუსეთს აღიარებს, ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტულ რეჟიმებს კი მხარეებად არ მიიჩნევს.
დე ფაქტო ე.წ. მთავრობების წარმომადგენლების მოთხოვნა კვლავ უცვლელია – მიენიჭოთ თანაბარი სტატუსი.
როგორც ქართული დელეგაცია ამბობს, საოკუპაციო რეჟიმების მცდელობები მხარდაჭერას ვერ მიიღებს, რასაც მოლაპარაკებების საერთაშორისო თანათავმჯდომარეების მკაფიო გზავნილებიც ადასტურებს.