დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, გარდამოხსნის წესს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 14:00 საათზე შეასრულებს.

წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად, უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ. ასევე აცხობენ​ პასკებს​, რადგან სახარების თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.