პიროტექნიკის აკრძალვის მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან ოპოზიციონერი დეპუტატები ანა ნაცვლიშვილი და არმაზ ახვლედიანი. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მათ განმარტეს, კანონპროექტი ითვალისწინებს პიროტექნიკის შემოტანის, ფლობის, რეალიზაციის, გამოყენების აკრძალვას, გარდა F1 კატეგორიის პიროტექნიკის, რომლის უსაფრთხოების მანძილია ერთი მეტრი ან ნაკლები და მისი გამოყენება შეიძლება დახურულ სივრცეში, ხოლო სხვა კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად, განსაკუთრებულ შემთხვევებში.
დეპუტატების განმარტებით, კანონპროექტის მიღების შემდეგ, პიროტექნიკის უკანონო გამოყენებისთვის ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან 1 000 და 5 000 ლარით.