ცოტა ხნის წინ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის, ხვიჩა მღებრიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომა ხვალ პირველი საათისთვის გადაიდო. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით ავრცელებს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავებიან. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მღებრიშვილის „ვიდეოაღიარებაც“ გაავრცელა, რომლის მიხედვით, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე თითქოს ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ამისთვის 5 ათასიდან 10 ათას დოლარამდე ჰპირდებოდნენ. ოჯახი ხვიჩა მღებრიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გეგმავს.