დავით გარეჯის საქმის განხილვა ბრალდების მოწმეთა დაკითხვით გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. როგორც პროკურორმა გიორგი მუჯირმა განაცხადა, დღეს დაკითხავენ ყოფილ მესაზღვრეს, რომელიც დაადასტურებს, რომ 2005 წლამდე, ქართველი მესაზღვრეები აკონტროლებდნენ გარეჯის ქედის მეორე – სადავო მხარესაც, 2005 წლის შემდეგ კი, ქედის თხემზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები განლაგდნენ და ქედის მეორე მხარეს გადასვლა შეუძლებელი გახდა. მე შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულებს, სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გამოძიება ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს, რამაც ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი დაკარგვის საფრთხის ქვეშ დააყენა. თუმცა ბრალდებულები ამას აბსურდულად მიიჩნევენ.