ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება დავით გარეჯის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღეს იკითხება ორი მოწმე, – ბიბლიოთეკის თანამშრომელი, რომელიც ისაუბრებს თუ რა განაცხადებით მიმართა კომისიამ რუკების გაცემასთან დაკავშირებით და ასევე დაიკითხება მესაზღვრე, რომელიც 2006 წლამდე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან არსებულ ვითარებას აღწერს. ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ მოწმეების ჩვენებები გაამყარებს მათ იმ მტკიცებულებებს, რომელიც ეხება სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის მიერ არარელევანტური რუკების გამოყენებას, რასაც პროკურატურა კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ედავება.
საპირისპირო პოზიცია აქვს ბრალდებულების მხარეს. ისინი ფიქრობენ, რომ ამ დრომდე პროკურატურას სასამართლოზე მათი მამხილებელი არცერთი ფაქტი არ წარუდგენია.