„ფართოდ გახელილი თვალები“ – ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომლიც 1993 წლის 28 ოქტომბერს დაღუპული რეჟისორისა და ოპერატორის, დავით ბოლქვაძის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
სურათის შექმნის ინიციატივა აშშ-ში მცხოვრებ ქართველ ჟურნალისტს, ნანა ღონღაძეს ეკუთვნის. მან ვაშინგტონში, მუზეუმში ნახა ცხელ წერტილში დაღუპული რეპორტიორების მემორიალზე ქართული სახელი და გვარი. ფილმის სცენარზე ჟურნალისტის დამ, თამარ ბოლქვაძემ იმუშავა. ფილმის რეჟისორები ირაკლი ნიჟარაძე და გიორგი გუგუშვილი არიან. ოპერატორები კი გრიგოლ ჩიგოგიძე და კახა ბუხრაშვილი.
დავით ბოლქვაძემ ტელევიზიაში 1987 წელს დაიწყო მუშაობა. ის იყო ლიტერატურული და თეატრალური რედაქციების თანამშრომელი. მეორე არხის დაარსებიდან მუშაობდა ოპერატორად. ასევე იყო პროგრამა „ტაიმ აუტის“ რეჟისორი და მეორე არხის საინფორმაციო სამსახურის რეჟისორი.
დავით ბოლქვაძე 1993 წელს, სამოქალაქო ომის დროს ხობში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დახვრიტეს.