გლაზგოში გაერო-ს კლიმატური ცვლილებების 26-ე კონფერენციაზე დასკვნითი ხელშეკრულება მიიღეს. ახალი ხელშეკრულების თანახმად, 200-მდე ქვეყანა ქვანახშირის გამოყენების ეტაპობრივი შემცირების დაჩქარებაზე და წიაღისეული საწვავის სუბსიდიების ეტაპობრივი გაუქმების შესახებ შეთანხმდა. გარდა ამისა, კონფერენციაში მონაწილე მხარეები გლობალური დათბობის 1,5 გრადუსამდე შეზღუდვაზე შეთანხმდნენ. ახალი შეთანხმების მიხედვით, მდიდარმა ქვეყნებმა ფინანსური სახსრების მობილიზება უნდა მოახდინონ, რომ შედარებით ღარიბმა სახელმწიფოებმა კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ შედეგებთან გამკლავება შეძლონ. დასკვნით ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ყველა მონაწილე მხარემ სითბური აირების ემისიასთან დაკავშირებული ეროვნული გეგმის შესრულების ვალდებულება უნდა აიღოს.