„დასკვნა უნდა იყოს მიუკერძოებელი“ - ეკონომიკის სამინისტრო გუდაურში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
გუდაურში ავარიულად გაჩერებული საბაგირო „საძელეს“ სადგურზე საგამოძიებო სამუშაოების დაწყებაზე განცხადება ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა.
უწყების ინფორმაცით, კომპანია „ბიურო ვერიტასმა“ თანხმობა განაცხადა, საკუთარი წარმომადგენელი გუდაურში ვითარების შესასწავლად მიავლინოს.
კომპანია „დოპელ მაიერის“ წარმომადგენლებს, გუდაურში ავარიულად გაჩერებული საბაგირო „საძელეს“ სადგურზე საგამოძიებო-კვლევითი სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა, აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის შემდეგ ექნებათ. ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა გამოწვეულია ავარიის გამომწვევი მიზეზების ღიად და გამჭვირვალედ და რაც მთავარია, ობიექტურად დადგენის სურვილით, რასაც პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობა უზრუნველყოფს.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორედ დამოუკიდებელი დასკვნის შედეგად შეიტყოს, თუ რამ განაპირობა ავარია გუდაურის ერთ-ერთ საბაგიროზე.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ დასკვნა უნდა იყოს აბსოლუტურად მიუკერძოებელი ყველა ჩართული მხარისაგან, რადგან საუბარია არა ერთ კონკრეტულ ინციდენტზე, რომლის დროსაც ადამიანები დაშავდნენ, არამედ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე და აქედან გამომდინარე, ყველა შესაძლო შედეგზე, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.