სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლს ააქტიურებს. უწყების ინფორმაციით, შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სურსათის ეტიკეტირებას და სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს. სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მასშტაბით საზკვების 600-ზე მეტი ობიექტი შემოწმდა. მათგან 24 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, ამ ობიექტებს შორის 14 თბილისშია. დარღვევებს შორისაა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე. შედეგად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე შეუჩერდათ. დაფიქსირდა სხვა სახის დარღვევებიც – ეტიკეტირების წესის დარღვევა და ვადაგასული სურსათი; ობიექტებს შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაევალათ.