ხმაური იყო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში. მიწის დასამუშავებლად მისულ ტექნიკას ადგილობრივებმა მუშაობის საშუალება არ მისცეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ზეღდულეთის მოსახლეობა ამბობს, რომ ამ ფართობს წლებია, საძოვრად იყენებენ და პირველად ჯერ კიდევ 2009 წელს მიწა ინდოეთის მოქალაქეებზე გასხვისდა.
ადგილობრივებმა მათ მიწის დამუშავების უფლება მაშინაც არ მისცეს. აღნიშნული ფართობის ნაწილი კერძო პირმა რამდენიმე თვის წინ გამოისყიდა, დღეს კი მიწის დამუშავება უნდა დაეწყო, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ფართობის მფლობელი ადგილობრივებს დასაქმების გარდა, სოფლის საკუთრებაში ტრაქტორის გადაცემასაც სთავაზობს, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ საძოვრის გარეშე ვერ იქნებიან და მთავრობას დახმარებას სთხოვენ. ადგილობრივების პროტესტის ფონზე, ადგილზე სამუშაოები შეაჩერეს.
ზეღდულეთში იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. მათ განაცხადეს, რომ მოსახლეობის პროტესტს სოლიდარობას უცხადებენ და თუ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს უკანონოდ გასხვისდა სოფლის საძოვრები, დამნაშავემ პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს.