აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირება კვლავ არ წყდება. მხარეები ერთმანეთს მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაში ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქალაქებზე – სტეპანაკერტსა და შუშაზე კვლავ განხორციელდა სარაკეტო დარტყმები.
ერევანი აღნიშნავს, რომ საპასუხო შეტევის შედეგად განადგურებულია მოწინააღმდეგის ათობით ჯარისკაცი და ტექნიკა. ამასთან, სომხეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენელი ტყუილს უწოდებს აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სარაკეტო იერიში სცადეს.
აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ სომხურმა მხარემ ევლახის რაიონში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მონაკვეთზე სარაკეტო დარტყმების განხორციელება სცადა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის მტკიცებით, სომხეთის მირ ნასროლი რაკეტა ნავთობსადენიდან ათ მეტრში ჩამოვარდა. კომპანია „სოკარში“ აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურისთვის ცეცხლის გახსნით, სომხეთი საფრთხეს ქმნის არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვისაც.