მთიან ყარაბაღში მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია, რეგიონში უკვე მეათე დღეა სამხედრო მოქმედები მიმდინარეობს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინფორმაციით, ქვეყნის არმია ჯაბრაილის რაიონში კიდევ რამდენიმე სოფელს აკონტროლებს. არაღიარებულ მთიან ყარაბაღში კი აცხადებენ, რომ შეიარაღებულ დაპირისპირებას 19 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი, შვიდი ქალი და 11 მამაკაცი. მთიანი ყარაბაღის ე.წ. ომბუდსმენის თქმით, ისინი სარაკეტო თავდასხმების დროს გარდაიცვალნენ. დაშავებულია 80 პირი, მათგან 60-ის მდგომარეობა მძიმეა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ინფორმაციით, ექსპერტებმა სტეფანაკერტში, დასახლებულ ზონაში კასეტური ბომბების გამოყენების კვალს მიაგნეს და აღნიშნული საბრძოლო მასალები ისრაელის წარმოებისაა. „ამნესთი ინთერნეიშენალი“ მოუწოდებს ყველა მხარეს, სრულად დაიცვან საერთაშორისო სამართალი და დაიცვან მოქალაქეები საბრძოლო მოქმედებებისგან. განცხადება გაავრცელეს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და დაგმეს ძალადობა.