საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს დანიის ელჩთან შეხვედრის შემდეგ. უწყების განმარტებით, ელჩი ანნე ტოფტ სორენსენი, 10 იანვარს, დანიურ გამოცემაში მის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან და მასში მოცემულ არასწორ ფაქტებსა და პოლიტიკურ შეფასებასთან დაკავშირებით დაიბარეს სამინისტროში. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობებს და არაობიექტურ შეფასებებს, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის დანიური მკითხველის პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული პუბლიკაცია ცალკეული ძალების მხრიდან პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის იქნა გამოყენებული, რაც, ბუნებრივია ხელს უშლის ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მთავარი ამოცანის – დეპოლარიზაციის ეფექტიან განხორციელებას. შეხვედრაზე დანიურმა მხარემ წუხილი გამოთქვა აღნიშნულის გამო და განაცხადა, რომ სტატია გამიზნული იყო დანიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და სამწუხაროა, რომ ოპონენტების მხრიდან იგი უარყოფით კონტექსტში იქნა გამოყენებული.
დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა. სტატიას პოლიტიკოსები აფასებენ.