„დაისის“ იტალიური პრემიერა

21 ივნისს, მუსიკის მსოფლიო დღეს, სიცილიის ქალაქ კატანიაში, მასიმო ბელინის საოპერო თეატრის სცენაზე, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისი“ იტალიურ ენაზე პირველად შესრულდა იტალიელი სოლისტების, ორკესტრისა და გუნდის მიერ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „დაისის“ წარმატებული საპრემიერო ჩვენებების შემდეგ, რომელიც მისი დადგმიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა კატანიაში მუსიკის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში წარმოადგინეს. მასიმო ბელინის საოპერო თეატრის სამხატვრო საბჭოსა და დირექტორატის გადაწყვეტილებით, „დაისი“ თეატრის რეპერტუარში დარჩება და მას რეგულარულად წარმოადგენენ საოპერო თეატრის სცენაზე, რაც ისტორიული მოვლენაა ქართული ოპერისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტით, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ბადრი მაისურაძის ინიციატივით განხორციელდა, ბელინის საოპერო თეატრმა შემოქმედებითი ურთიერთობა დაამყარა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან, მუსიკალურ-კულტურული სფეროების უკეთ გასაცნობად.